ლია დეკანაძე

Anna Adamashvili Photographer

13.05.2018
რუსთაველის გამზირის ორ სხვადასხვა მხარეს ვდგავართ მე და ისინი. ხალხის მასა თანდათან გვიახლოვდება მუქარით და ყიჟინით. ფაშიზმი იტალიაში დაიბადა მუსოლინის დროს და შემდეგ გერმანიაში გავრცელდა. მეშინია და ისტორიის კურსიდან ინფორმაციის მხოლოდ ეს პაწაწინა ნამცეცი მახსენდება. აქამდე სულ მეგონა, რომ ეს ჯგუფები ჩემგან შორს იტალიასა და გერმანიაში ცხოვრობდნენ და აქ შუაგულ რუსთაველზე ვერასდროს მომწვდებობდნენ. მაგრამ ახლა, როცა ასე ახლოს არიან ჩემთან თავს დაუცველად ვგრძნობ. დაბნეული ვარ და ვერ ვხვდები რას აპროტესტებენ. თანდათან დაძაბულობა მატულობს. ვხედავ ზუსტად ჩვენი მიმართულებით ქვებს ისვრიან. მალე მამა მირეკავს. კარგად იცის, რომ აქციაზე ვარ, ეშინია ჩემ გამო და მთხოვს სახლში წავიდე. ის სამართალდამცავია და სწორედ მისგან ვისწავლე, რომ პროტესტის ძალადობრივი და აგრესიული ფორმებით გამოხატვა არასწორია. ამიტომაც უბრალოდ ვცეკვავ. ჩემთვის ვცეკვავ და თან გული მწყდება, რადგან ვხედავ, ქუჩის ორივე მხარეს ქართველები ვართ, ქართულად ვლაპარაკობთ და მაინც ვერ ვუგებთ ერთმანეთს, მაინც არ გვესმის ერთმანეთის სათქმელი...
იმ ღამეს სახლში შეშინებული დავბრუნდი. მეორე დღესვე დავიწყე ინფორმაციის მოძებნა საქართველოში არსებულ ექსტრემისტულ ჯგუფებზე. თემა, რომელიც აქამდე მეტად უცხო იყო, უეცრად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და იმდენად საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე „მითების დეტექტორის ლაბორატორიის" საკვირაო სკოლის საბოლოო ნაშრომიც ამ თემაზე დამეწერა.
თავიდან არ ვიცოდი საიდან დამეწყო, მაგრამ ვიცოდი, რომ რაც შეიძლება მეტი მინდოდა გამეგო მათი საქმიანობის შესახებ. თავდაპირველად მოვძებნე ულტრანაციონალისტური ფეისბუკ გვერდები, რომელთან რაოდენობაც არცთუ ისე მცირე აღმოჩნდა. გვერდები ერთმანეთთან ქსელურად იყო დაკავშირებული და გაოცებული გადავდიოდი ერთი მათგანიდან მეორეზე, სადაც პოსტების კონტენტი თითქმის ერთი და იგივეა.
ვინ არიან ეს ადამიანები და რა უნდათ? ეს კითხვები მუდმივად მიტრიალებდა თავში.
პასუხმაც არ დააყოვნა

ვინ არიან ეს ადამიანები, რის მიღწევას ცდილობენ?
მაისში გამართულ "თეთრი ხმაურის" აქციებისა და მის კონტრაქციების შემდეგ ბევრი ულტრანაციონალისტური გვერდი (მაგ. "ქართული ძალა") დარეპორტდა და წაიშალა, თუმცა კოორდინირებული მოქმედებით ისინი მალევე აღადგინეს. როგორც ხედავთ, ქართულ ულტრანაციონალისტურ ფეისბუკ ჯგუფებს საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს.


თარიღი: 25.06.2018
ულტრანაციონალისტური ჯგუფები თავად ცდილობენ იდეოლოგიურად განსხვავებულად წარმოჩინონ თავი. ზოგიერთი მათგანი თავს ნეო-ნაცისტურად, ზოგი ნაციონალისტურად და ანტილიბერალად მოიხსენიებს, თუმცა, როგორც თავად ნახავთ, დიდი იდეოლოგიური განსხვავება მათ შორის უბრალოდ არ არსებობს.
ნაციონალისტური ჯგუფები
ე.წ ნაციონალისტური ჯგუფები ემხრობიან ნაციონალისტურ იდეოლოგიას და გამოირჩევიან ქსენოფობიური განწყობებით. ისინი იყენებენ პატრიოტულ რიტორიკას და გამოდიან პოპულისტური სოციალური ლოზუნგებით. მათ დახურულ ჯგუფებში მრავლად ვხვდებოდი "თურქული ოკუპაციის" ქრონიკებს, თუმცა იშვიათად თუ ახსენებდნენ რუსულ ოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას. თითქოს ტაბუ ადევს ამ თემას, 8 აგვისტოს სულ სხვა თემებზე ჰქონდათ ყურადღება გადატანილი მაშინ, როცა 12 აგვისტოს ყველა მათგანი დიდი ზეიმით აღნიშნავდა დიდგორობას.

  • საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი ნაციონალისტური ჯგუფია "ქართული ძალა", რომელიც 2015 წლიდან ძირითადად ფეისბუქის საშუალებით ფუნქციონირებს. ჯგუფს ნულოვანი ტოლერანტობა აქვს განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ.2016 წლის 29 მაისს ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ თბილისში არსებულ ვეგანურ კაფეს "კივი".
  • ამავე წლის 27 სექტემბერს მათ სოხუმის აღების დღესთან დაკავშირებით გამოსვლა დაანონსეს სოხუმის აღების გასაპროტესტებლად, თუმცა ეს გამოსვლა აღმაშენებლის გამზირზე თურქული რესტორნების დარბევით დასრულდა, რასაც შედეგად ჯგუფის რამდენიმე წევრის დაკავებაც კი მოჰყვა.
  • "ქართული მარში" ანტილიბერალური, კონსერვატული და ულტრანაციონალისტური სახალხო ორგანიზაციაა, რომელიც 2017 წლის აპრილში დაარსდა. მოძრაობა იდეოლოგიურა ძალიან ჰგავს მის რუსულ ანალოგს "რუსული მარში". 14 ივლისს დავით აღმაშენებლის გამზირზე ყველაზე ფართომასშტაბიანი ნაციონალისტური დემონსტრაცია გამართეს, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების დეპორტაცია და საიმიგრაციო კანონის გამკაცრება იყო.
  • "Dinamo Tbilisi Ultras" კიდევ ერთი ულტრანაციონალისტური ჯგუფია, რომლის წევრებიც ფეხბურთის ირგვლივ გაერთიანებული ახალგაზრდები არიან. ისინი გამოირჩევიან ნაციონალისტური რიტორიკით და სხვა ჯგუფებთან ერთად მონაწილეობენ დემონსტრაციებში.
დემონსტრაციებისას ულტრანაციონალისტური ჯგუფები იყენებენ შუშხუნებსა და ნიღბებს. ისინი საკუთარი სახელით და გვარით ფეისბუქზე არ ჩნდებიან და მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი ვინაობის დამალვას. მიზეზებზე საუბრისას ერთ-ერთი მათგანი მეუბნება -"ზოგი ჯარშია, ზოგი დაცვაში და პრობლემები ექმნებათ"...

ნეო-ნაცისტური ჯგუფები

საქართველოში ყველაზე დიდი ფაშისტური ჯგუფი ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობა", როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, 2016 წელს დაარსდა. ამჟამად ჯგუფის ლიდერია გიორგი ჭელიძე. ჯგუფების წევრები ძირითადად არიან ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ემხრობიან ფაშისტურ იდეოლოგიას, იყენებენ სამკლაურებს, ნაცისტურ მისალმებასა და მოწოდებებს. მოძრაობის წესდებაში აღნიშნულია ეთნიკური უმცირესობების პატივისცემა, თუმცა პრაქტიკაში ეთნოფაშისტურ იდეოლოგიით ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან კონფლიქტების გაღვივებას ცდილობენ. მოძრაობა აქტიურად იყენებს ფეისბუკ სივრცეს პირდაპირი ჩართვებისთვის და მოძრაობასთან დაკავშირებული სიახლეების გაზიარებისთვის.

  • 2017 წლის 21 აპრილს თბილისში ჩამოვიდა უნგრეთის ულტრა-მემარჯვენე პრემიერ მინისტრი ვიკტორ ორბანი. "საქართველოს ეროვნული ერთობის" მხრადამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ და ღიად დაუჭირეს მხარი უნგრეთში მიღებულ კანონს, რომელიც გულისხმობდა ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დახურვას. ეს უნივერსიტეტი სწორედ ჯორჯ სოროსის ფონდის მიერ იქნა დაარსებული.

ანტილიბერალური ჯგუფები
ანტილიბერალური ჯგუფები ყველაზე ფართომაშტაბიანი ჯგუფებია, რომლებიც ღიად და აშკარად უპირისპირდებიან ლიბერალიზმს, რაც მათ მოწოდებაშიც კარგად ჩანს "ნუ გამოლიბერასტდები!". ისინი ებრძვიან და სიძულვილის ენით საუბრობენ ფემინიზმის, ლგბტ თემის, ევროპული ღირებულებების (თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, სიტყვისა და გამოხტვის თავისუფლება) შესახებ. აღნიშნული ჯგუფები მუდმივად აკრიტიკებენ ინვესტორ, ფინანსისტსა და ფილანტროპ ჯორჯ სოროსს და მის საქმიანობას.
ანტილიბერალური ჯგუფების ძირითადი ფეისბუქ კონტენტი მოიცავს ევროპაში მუსლიმი მიგრანტების საკითხს და მუდმივად ცდილობენ დასავლეთის მაქსიმალურად უარყოფითი მხარით წარმოჩენას. ჯგუფის წევრებს აშკარა პრორუსული ორიენტაცია აქვთ. ისინი ოსტატურად ამახინჯებენ ქართული კულტურის და ტრადიციების ნამდვილ ასპექტებს და "ქართველი ერის გადაგვარების" და "ქართველობის დაკარვით" იმუქრებიან.
წევრები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციებს და იყენებენ პროპაგანდის მრავალფეროვან საშუალებებს თავიანთი ანტიდასავლური ნარატივების გასავრცელებლად.
როგორც ხედავთ, სამივე ჯგუფი რეალურად ერთი და იმავე მეთოდებით ერთი და იგივე იდეოლოგიის გამტარებელია. ეს კლასიფიკაცია ფასადურია, რადგან იმის მიუხედავად თუ როგორ მოიხსენიებენ ისინი თავს, მათი ქმედებები და მეთოდები ნეო-ნაცისტურია, რასაც ემატება ანტი-დასავლური რიტორიკა და საბოლოო ჯამში ვიღებთ დღევანდელ სინამდვილეს რასისტული, აგრესიული, საშიში ჯგუფების სახით.
დაკვირვებისას ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია იმ ფაქტმა, რომ გვერდებზე გაზიარებული ინფორმაცია, ძირითადად, ერთი და იმავე წყაროდან მოდიოდა. ყველაზე ხშირად თვალში მხვდებოდა ონლაინ გამოცემა ალტ-ინფო (ალტერნატიული ინფორმაცია). აღნიშნული გამოცემა ყველაზე ხშირად წერს ევროპაში მუსლიმი მიგრანტების და ლგბტ თემის საკითხებზე. ალტ-ინფოს სიახლეები ძალიან სწრაფად ვრცელდება ნაციონალისტურ გვერდებზე. მასთან ერთად ყველაზე ხშირად გაზიარებული ონლაინ გამოცემაა Mystar.ge. როგორც ალტ-ინფოს, ასევე მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკონტაქტო ინფორმაცია არ იძებნება
ჩემი "მოგზაურობას" ულტრანაციონალისტურ ჯგუფებში
ახალი ანგარიში შევქმენი და მალევე აღმოვჩნდი ულტრანაციონალისტურ ღია და დახურულ FACEBOOK ჯგუფებში. ეს "თემი" სულ სხვა სამყარო აღმოჩნდა ჩემთვის. მეც მალევე მოვირგე ჩემი როლი და შევუდექი ჯგუფების მონიტორინგს. სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ამ ადამიანების და მათი შეხედულებების განსჯა სწორ დასკვნებს ვერ მომცემდა. ეს ერთი თვე მათი ცხოვრებით უნდა მეცხოვრა. ჩემი ყოველი დილა და საღამო მათი პოსტებისა და კომენტარების შემოწმებით იწყებოდა და სრულდებოდა. 6 ივლისს სპორტის სასახლეში დავესწარი კიდეც მათ ღონისძებას "ქართველი ერის ყრილობა"...
თარიღი: 25.06.2018
ფეისბუკ ჯგუფების წევრთა უმრავლესობა მალავს თავის იდენტობას, რაც ართულებს იმის განსაზღვრას თუ საიდან არიან ისინი, სად სწავლობდნენ ან სად შეხვდნენ ერთმანეთს. თუმცა არსებობს რამდენიმე საინტრერესო ტენდენცია, რაც ჩემმა დაკვირვებამ აჩვენა და ჩემი წყაროს მიერ დადასტურდა. პირველ რიგში, ეს ეხება ჯგუფების გენდერულ შემადგენლობას. ჯგუფები უმეტესად მამაკაცებისგანაა დაკომპლექტებული. გვერდების ადმინები ძირითადად ბიჭები არიან, და განხილვებშიც ძალიან აქტიურად იღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ჯგუფებს ახალი წევრების დასამატებლად ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვთ, შესაბამისად იქ ბევრი სკოლის მოსწავლის ნახვაცაა შესაძლებელი.

ულტრანაციონალისტური ჯგუფები ღიად არ ავლენენ რომელიმე პოლიტიკური პარტიისადმი მიკუთვნებულობას. ზოგიერთი მათგანი მაგ. ქართული იდეა და ქართული მარში თავად არიან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები. ჯგუფებში მუდმივად აკრიტიკებენ სახელისუფლებო და განსაკუთრებით ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს.


ულტრანაციონალისტური გვერდები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციებს
ისინი მანიპულაციისა და პროპაგანდის მრავალფეროვან მეთოდებს იყენებენ
დეზინფორმაცია, თითქოს საბერძნეთში ლიბერალებმა ხატები გადაღებეს

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 2018 წელს საბერძნეთში ხატები აიდაჰოს აღნიშვნასთან დაკავშირებით, 17 მაის ლიბერალურმა ჯგუფებმა და ლგბტ აქტივისტებმა დააზიანეს, დეზინფორმაციაა. რეალურად 2018 წელს გავრცელებული ფოტო 8 წლის წინანდელია, ის პირველად ბერძნულ ფორუმებზე 2010 წელს გამოჩნდა და ანარქისტული ჯგუფების მიერ 2010 წლის აპრილში ხატების დაზიანებას ასახავს. ბერძენი ანარქისტული ჯგუფების მხრიდან იმავე ხატების ვანდალურ დაზიანებას 2015 წელსაც ჰქონდა ადგილი
მითების დეტექტორის ლაბორატორია
იბერიული ერთობის მანიპულაცია მუსლიმთა მშვიდობიანი დემონსტრაციის შესახებ

"იბერიული ერთობის" გავრცელებული ვიდეო და თანდართული აღწერა მანიპულაციურია. სინამდვილეში, ვიდეოში ასახულია 2017 წლის 1 ოქტომბერს მუსლიმების მიერ ლონდონში ჩატარებული მარში, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იყო მიმართული. ტერორიზმის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის მუსლიმების მიერ "ოკუპაციად" და "საფრთხედ" წარმოჩენა მანიპულაციურია და მკითხველში მუსლიმების წინააღმდეგ ფობიური განწყობების გაღვივებას ემსახურება.
მითების დეტექტორის ლაბორატორია
Alpha Dominant-ის ფოტომანიპულაცია დასავლეთის სკოლებში ბიჭებისთვის კაბის ჩაცმის უფლების მიცემაზე

Alpha Dominant-ის ვიდეოში გამოყენებულ ფოტოზე სინამდვილეში ბრიტანეთის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციაა გამოსახული. 2017 წლის ივნისში, ქალაქ ექსეტერში Isca Academy-ს მოსწავლეებმა თანატოლი გოგონებისგან ნათხოვარი კაბები ჩაიცვეს და სკოლაში მივიდნენ. ამ ფორმით მათ ზაფხულის ცხელ დღეებში მოკლე შორტებით სიარულზე სკოლის ადმინისტრაციის უარი გააპროტესტეს.
მითების დეტექტორის ლაბორატორია
„ქართულმა იდეამ" თურქეთი ევროკავშირში „გააწევრიანა"

თურქეთი 1999 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და არა წევრი სახელმწიფო. ევროპული გაერთიანების სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადი ქვეყანამ 1987 წელს შეიტანა, მოგვიანებით ევროპული საბჭოს ჰელსინკის სამიტზე თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატად აღიარეს.
მითების დეტექტორის ლაბორატორია
ფეისბუკი, როგორც თავისუფალი პლატფორმა აზრთა გაზიარებისთვის, ხელსაყრელ შანსს აძლევს ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს სწრაფად გააზიარონ მათი ხედვები. ფეისბუკი არ მოითხოვს მედიასტანდარტების ნორმების დაცვას. მასზე გამოხატვის თავისუფლების მაღალი ხარისხით ისინი უფრო გაბედულად და თამამად აფიქსირებენ მოსაზრებებს, წერენ სიძულვილის ენით და ავრცელებენ ქსენოფობიურ იდეებს. აქვე ძალიან სწრაფად შეუძლიათ შეიძინონ მხარდამჭერები, მოიპოვონ აუდიტორიის ნდობა და უფრო მეტიც, შეუძლიათ სოციალური ქსელის ეფექტურად გამოყენება დეზინფორმაციების გასავრცელებლად. ადამიანები, რომლებიც მართავენ აღნიშნულ გვერდებსა და ჯგუფებს ძალიან კარგად ერკვევიან თავიანთ საქმეში.
ადმინები ცდილობენ დადებითი განწყობების შექმნას ჯგუფის იდეოლოგიის და საქმიანობის მიმართ და ამის დასადასტურებლად მოჰყავთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, განსაკუთრებით კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები. ისინი მტრის ხატს ქმნიან თურქეთისა და დასავლეთის სახით და მათ "ოკუპანტის" იარლიყს აკრავენ. ასევე ახდენენ ფემინისტებისა და ლგბტ თემის სტიგმატიზაციას...
პირობითად გურამი, რომელიც კარგად იცნობს ასეთი ჯგუფების აქტივობებს და გარკვეული პერიოდი ამ პროცესებში ჩართული პირი იყო, ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ულტრანაციონალისტური ჯგუფები საკმაოდ ჭკვიანურად და პროფესიონალურად იყენებენ ფეისბუკ სივრცეს თავიანთი ნარატივების გასავრცელებლად.
ნაციონალისტური მოძრაობები ყოველთვის არსებობდნენ საქართველოში. 90-იან წლების დასაწყისში მათ შეიძინეს კიდეც ექსტრემისტული ხასიათი, თუმცა შემდგომი წლების განმავლობაში მათი აქტიურობის დონე საკმაოდ დაბალი გახდა. ბოლო რამდენიმე წელია ულტრანაციონალიტური ჯგუფები ისევ გააქტიურდნენ ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით 2013 წლის 17 მაისიდან ღიად და თამამად დაიწყეს საქმიანობა, როგორც სოციალურ ქსელებზე, ასევე მის გარეთ.
ულტრანაციონალისტ ახალგაზრდებს თვითრეალიზაციის დიდი დეფიციტი აქვთ. ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის გაზიარებით და ამგვარი საქმიაობით კი თავი რაღაც დიდი და მნიშვნელოვანის ნაწილად მიაჩნიათ. ჩემი აზრით იდეა, რომლის გარშემოც ასეთი დიდი მონდომებით არიან გაერთიანებული სინამდვილეში არაფერია ... იმდენად უსუსურია იმის ძალასაც კი არ ჰმატებს რომ უშიშრად დაიცვან იგი (იდეა). ამ ახალგაზრდებმა იციან არა ნამდვილი, არამედ საბჭოთა თარგზე გამოჭრილი ისტორია. მათ არ იციან არც საკუთარი და მით უფრო სხვა რელიგიების არსი და მოწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ამოეფარებოდნენ საზოგადოებისთვის ასე მგრძნობიარე რელიგიის სახელს... ჩემთვის სრულიად გაუნათლებელია ყველა ადამიანი, რომელიც ჩაგრავს და მასხრად იგდებს განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანებს. გაუნათლებლობაში ვგულისხმობ არა სინათლის მხარეზე დგომას, სიბნელეში ყოფნას; იმ უზენაესი ღირებულებებისგან შორს დგომას, რასაც ადამიანის თავისუფალი ნებისა და არჩევანის პატივისცემა ჰქვია.
ამ ამბის შემდეგ ჩემთვისაც ცნობილია ულტრანაციონალისტური ჯგუფების არსებობისა და სოციალურ ქსელებზე მათი საქმიანობის შესახებ. მეეჭვება ამ ჯგუფების დამოუკიდებლად ორგანიზების და გაძლიერების საკითხი. ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ჯგუფების საქმიანობა მხოლოდ საწევრო გადასახადებით და წევრთა ენთუზიაზმით ფინანსდება. ვიღაცა შესაძლოა ცინიკურად და დამცინავად უყურებს ამ ჯგუფების საქმიანობას, მაგრამ ყოველ დღე როცა ჩემი სიახლეების ველში ვხედავ, გარშემომყოფები როგორ აზიარებენ მათ ინფორმაციას, ვხვდები რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ხუმრობები "დედისერთა ფაშისტზე" სასაცილოა, მაგრამ შემაშფოთებელია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც "პატრიოტიზმის", "ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების", "ერის გადარჩენის" და "ქრისტიანობის" დროშის ქვეშ უცხოელების, უმცირესობების და სხვათა წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს საზოგადოებას…
მასალა მოამზადა ლია დეკანაძემ
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website